თეგი: "ნაციონალური მოძრაობა"

ირაკლი კობახიძე: საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული

  საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ ომის პარტიის ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა", - განაცხადა კობახიძემ.    

ნიკა მელია: გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ამასთან, პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერაა დაწერილი. "გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის... ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორები უნდა შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევ, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს „ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად

"მიხეილ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად. სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს -  არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა  ვალერი გელბახიანმა განაცხადა. „მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე. დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა  

შს სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

ვასაჯაროვებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე არტურ მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, - შს სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის არტურ მკოიანის „უკანონოდ დააკავეს და მის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ“ სიცრუეს უწოდებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ. ,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების ადგილობრივმა წრმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ. ამასთან, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.  

თეა წულუკიანი: ამდენ ხანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან პარტიამ საკუთარი თავი ამოწურა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, რაც მოსალოდნელიც იყო. „არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა.  

გიორგი ჩალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

"მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა", - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. „პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით. მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე - ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო. დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- წერს ჩალაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  

გორის საკრებულოს დეპუტატი: „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გორის საკრებულოს დეპუტატის, კახა ლობჟანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ. როგორც ლობჟანიძე აცხადებს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ მართული. "ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა. დილით მოსულებს ჩამტვრეული დაგვხვდა მინა. ხედავთ, რამხელა ზომის ქვა აქვს ნასროლი. გამოვიძახეთ პოლიცია და მათი თანდასწრებით გავხსნით კარს. წინა შემთხვევაში კამერის ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მართული და ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული, აქ ყველა სტრუქტურაა ჩართული, მათ შორის ძალოვნებიც, რადგან არ იძიებენ ამ საქმეებს“, – განაცხადა ლობჟანიძემ. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.